შემიძლია ჩვეულ ადგილას ვიდგე,
ისევ იმ ფიქრით ვიფიქრო შენზე,
ძველი ბრძოლის რევანშის აღების საშუალება მივცე შენს გოგოს
მარტო იმ მიზეზით, რომ ომი მოვიგო..
მე შემიძლია ორჯერ შევიდე ერთსა და იმავე როლში,
ერთსა და იმავე მდინარეში..
კიდევ იცი რა შემიძლია?
შენი სახის ნაკვთების აღდგენა, მიუხედავად დროის სიბერისა..
შენი მიუღწევლობის მოპოვება და ამ მონაპოვრის მათხოვრისთვის გაცემა..
შენი ირონიული სიჩუმით სუნთქ ვა
და სიტყვებისთვის შუქჩრდილების დახატვა..
რა ჯანდაბას აკეთებ აქ მაშინ, როცა მე შემოდგომას ველოდები?
მე შემიძლია უსასრულოდ ვწერო შენზე,
თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ სრულებით შესაძლებელია
ჩემი მუზისა და ჩემი შენი უტოლობის შედგენა..
ან იქნებ აღდგენა..
ჩამისვი კალთაში, უნდა დაგხატო..
შემოდგომას თუ დაინახავ, გამაგებინე,
მივხვდები, რომ დროა ავდგე..
დავიწყოთ ტუჩებით, შემოვავლებ შემოდგომისფერ კონტურს..
მეტკა.. ადვილად გიცნობს შენი შემოდგომა..
ადვილად ჩაიძირება და ეს უფრო გაათამამებს
ჩვენს ძველ მეგობარ ზამთარს,
რომელიც ადვილად ჩაენაცვლება შემოდგომას,
მოდი, არ დავუკარგოთ საგრძნობელი სიძლიერე..
თვალები არ გჭირდება, უბრალოდ შემოდგომისფრად გავაფერადებ..
მაინც მხოლოდ უნდობლობის დღეობის აღსანიშნავად იყენებდი,
რომელსაც თითქმის ყოველდღე აღნიშნავდი,
ერთფეროვნება.. დროა, გაიზარდო..
არ აგაჭრელებ, რამდენიმე ტონალობაში ჩაგსვამ..
არ მჭირდება შენი ნდობის დღეობაზე მოპატიჟება,
არ ვსვამ..
შენი ხალი ნიკაპთან, ღმერთო, დამავიწყდა, როგორი ლამაზია..
როგორია ფიქრი იმაზე, თუ როდის შეწყვეტს ფიქრის წყარო არსებობას?
რა ფერია შენი წყარო?
რამდენი პროცენტი აქვს დაკავებული წითლისფერს?
შენს ემოციებს წითლად გავაფერადებ
და ლოდინს შემოდგომისფრად შევღებავ..
ადვილად გაიგებ შემოდგომის მოახლოებას,
მიუხედავად შენი დაკარგული თვალებისა..
მე კი ადვილად მივხვდები შენი ირონიული სიჩუმით,
რომ დროა ავდგე..
ავიღებ რამდენიმე საყოფაცხოვრებო წვრილმანს,
ჩავალაგებ და გზაში გადავათვალიერებ..
ლიმიტი ამოწურულია, არ ვიღებ ნახატებში ფულს,
ნახვამდის..
დავრჩით მე და რამდენიმე საყოფაცხოვრებო ნივთი.
წითლად შეღებილი ემოციები, შემოდგომისფერი კონტურით შემოვლებული ტუჩები,
მუდამ დახუჭული თვალები და წყაროს რამდენიმე წითლისფერი პროცენტი..
უბრალოდ მე, შემოდგომა და ჩემი სირცხვილი, რომლისაც აღარ მრცხვენია

.jpg)

0 коммент.:
Отправить комментарий